მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მიმართა - რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან, რას მიაღწიეთ? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს
მატეუშ მორავეცკიმ ემანუელ მაკრონს მიმართა - რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან, რას მიაღწიეთ? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს“. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლონეთმა არაერთხელ მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება. ამას გარდა, პოლონეთის მთავრობა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის გამოსაძიებლად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.

„ბატონო პრეზიდენტო მაკრონ, რამდენჯერ აწარმოეთ მოლაპარაკებები პუტინთან, რას მიაღწიეთ? შეაჩერეთ თუ არა რომელიმე ქმედება, რომელიც განხორციელდა? დამნაშავეებთან მოლაპარაკებები არ არის საჭირო, საჭიროა მათ წინააღმდეგ ბრძოლა. არავინ ელაპარაკებოდა ჰიტლერს. გამართავდით მოლაპარაკებებს ჰიტლერთან, სტალინთან, პოლ პოტთან?“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე.

თავის მხრივ, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს დასავლური ქვეყნების მოთხოვნები და საფასური რუსეთის მიერ მათი შეუსრულებლობის სანაცვლოდ.

„თავიდანვე პრეზიდენტმა გამოიყენა ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, რათა პუტინისთვის ომის შეჩერება ეიძულებინა: ძლიერი სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა, მოთხოვნები პუტინს სატელეფონო საუბრების დროს პირდაპირ წაუყენეს“, – განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.