მათე ვაწაძე - საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი, რომ ერთა ლიგის ფინალამდე მივიდეს #1TVSPORT
მათე ვაწაძე - საქართველოს ნაკრებს აქვს პოტენციალი, რომ ერთა ლიგის ფინალამდე მივიდეს #1TVSPORT

თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელიც წლები თამაშობდა საქართველოს ნაკრებში, ქართულ, რუსულ და დანიურ კლუბებში, უგუნდოდაა და ახალი სეზონისთვისთვის დროებით „გაგრაში“ ემზადება.

„ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ახალ გუნდში ტრანსფერი ბოლო მომენტში გაუგებარი მიზეზით ჩაიშალა.

„ბოლოს უზბეკეთში, „ქიზილყუმში“ ვთამაშობდი და ოჯახური ვითარების გამო წამოვედი. ქალაქ ზარაფშანის გუნდია, სადაც ისეთი კლიმატია, ბავშვები ვერ შეეგუვნენ და გართულება ჰქონდათ – თან კონტრაქტი მომირჩა და სიმართლე გითხრათ, ისეთი ახალი ხელშეკრულებაც არ შემოუთავაზებიათ, რომ დავრჩენილიყავი. მაგრამ მიმიწვია „ნავბახორმა“, გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდი, სიტყვიერად ყველაფერზე შევთანხმდით და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. მაგრამ ეს სიტყვიერი კონტრაქტი ოფიციალურად აღარ გაფორმებულა – გავიგე, რომ „დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელი ზორან მარიშიჩი წაიყვანეს. ასეთი უცნაური ამბავი მომივიდა“, – ამბობს მათე ვაწაძე.

33 წლის გამოცდილი ფეხბურთელის თქმით, მას არც ერთი ქართული კლუბი არ დაკავშირებია.

„საქართველოში შეიძლება თუ არა დავბრუნდე? გამორიცხული არაა, მაგრამ ქართული გუნდებიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია. წესით უნდა იცოდნენ, უგუნდოდ რომ ვარ. ან შეიძლება ფიqრობენ, რომ ბევრს ვითხოვ, მაგრამ ხომ უნდა გაარკვიონ, რას ვითხოვ“.

ვაწაძემ კომენტარი საქართველოს ნაკრების შანსებზეც გააკეთა, რომელიც ერთა ლიგაში ჯგუფში ბულგარეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან ითამაშებს.

„ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ჩვენს ნაკრებს აქვს პოტენციალი, სანიოლთან ერთად ჯგუფიდან რომ გავიდეს და ერთა ლიგის პლეიოფამდე და ფინალამდე მივიდეს. მომწონს, რომ დღეს ნაკრებში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალიან კარგი სინთეზია. ამავე დროს, ნიჭიერი თაობა წამოვიდა – კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარდა, ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი საინტერესო მოთამაშეა. თუ პროფესიონალურად იცხოვრებენ, კარგი ნაკრები გვეყოლება“.