მათე ცინცაძე - ახალ კლუბში უახლოეს დღეებში ჩავირიცხები
მათე ცინცაძე - ახალ კლუბში უახლოეს დღეებში ჩავირიცხები

მათე ცინცაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მათე ცინცაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა, მას გუნდთან არსებული კონტრაქტი ამოეწურა. ჩვენი კლუბი მათეს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს და დინამოში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის“, – წერია ბათუმელთა განცხადებაში.

თავად მათე ცინცაძე იმედიანად არის განწყობილი და ამბობს, რომ კლუბიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე საკმაოდ კარგი წინადადებები მიიღო.

„ეროვნული ლიგის ორი გუნდი დამიკავშირდა, ასევე უცხოეთიდან. საქართველოდან ის გუნდებია, რომლებიც ლიგაში გამორჩეულები არიან. ვფიქრობ, ჩემი ახალი კლუბი ორიოდე დღეში გაირკვევა“, – ამბობს მათე ცინცაძე.

26 წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ ბათუმის „დინამოში“ თავი ვერ გამოავლინა, მაგრამ მიზეზებზეც გველაპარაკა: „სამწუხაროდ, 2020 წელი ჩემთვის წარუმატებელი გამოდგა. ტრავმაც მივიღე, ამას კორონავირუსი დაემატა და ამ ყველაფერმა ფორმიდან ამომაგდო. ბოლო სამი მატჩი ჩავატარე, იმედი მაქვს, რომ ახალ გუნდში ფორმას აღვიდგენ და იმ დონეზე ვითამაშებ, რასაც ჩემგან ელიან“.