მატჩების ჩაწყობისთვის უკრაინელი ძმები ჩოგბურთიდან მოკვეთეს
მატჩების ჩაწყობისთვის უკრაინელი ძმები ჩოგბურთიდან მოკვეთეს

უკრაინელი ჩოგბურთელები, ტყუპი ძმები ჰლებ და ვადიმ ალეკსეენკოები, მატჩების ჩაწყობაში დამნაშავედ ცნეს, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და თითოეული 250 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს. ირკვევა, რომ 2015-16 წლებში ძმებმა რამდენიმე მატჩი გარიგებით ჩაატარეს და, გარდა ამისა, ერთ-ერთ პიროვნებას დიდი თანხის მოგებაში დაეხმარნენ.

გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ტენის ინტეგრიტი იუნიტი“ (Tennis Integrity Unit) აწარმოებდა.

ალეკსეენკოების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტები, გამოძიების თანახმად, დაფიქსირდა რუმინეთში, რუსეთში, გერმანიასა და თურქეთში, რანგით მესამე დონის ტურნირებზე.

ცნობისთვის, „პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის“ (ATP) რეიტინგში ვადიმ ალეკსეენკო 1 113-ე პოზიციას იკავებს. საუკეთესო შედეგს მან 2014 წელს მიაღწია, როდესაც 497-ე ადგილამდე აღზევდა. რაც შეეხება მის ძმას, ჰლებს, ის 1 724-ე ადგილზეა და მისი საუკეთესო შედეგი 609-ე პოზიციაა.