მათ გარეშე ევროთასებზე კი არა, საშინაო ასპარეზზეც ჭირს - ჭიაბრიშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერას სთხოვს #1TVSPORT
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „პაიდესთან“ საშინაო მატჩამდე „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და ევროტურნირის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„დღეს ჩვენ არც ერთ მეტოქეზე წინ არ ვართ და ნებისმიერთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ თავი რომელიმე გუნდზე მაღლა დავაყენოთ და მოვდუნდეთ. ამიტომ ჯერ მხოლოდ „პაიდეზე“ ვართ კონცენტრირებულები, რადგან პროგნოზების კეთება ჩემი საქმე არაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ და „არარატ-არმენიაზე“ მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.
– ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ევროთასებამდე ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრა უაღრესად სასარგებლო იყო. ამ მატჩში ბევრი რამ დავინახეთ და ვისწავლეთ. არ მიმაჩნია, რომ მხოლოდ მეკარის და მცველის პოზიციაა პრობლემა – გუნდს გაძლიერება ყველა პოზიციაზე სჭირდება და ამაზე ვმუშაობთ.
– ჩვენი ახალწვეული ულად-ომარ იმრანი „პაიდესთან“ განაცხადში იქნება, თუმცა ითამაშებს თუ არა, ვერ გეტყვით. ისე, მისი თამაში მეორე გუნდში ვნახეთ და იდეალურ ფორმაში არაა. გიორგი კუცია და დავით კობოურიკი სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. შემადგენლობა და განაცხადი საუკეთესო ფორმაში მყოფი მოთამაშეებისგან დაკომპლექტდება.
– ხარაბაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თამაში მაღალ დონეზე შეუძლია. თუმცა კარიერა თავად უნდა განავითაროს. მასზეა დამოკიდებული, საკლუბო და სანაკრებო დონეზე როგორ განვითარდება. მას უყვარს ფეხბურთი, თამაში, მაგრამ ამას ჯერ ისე უყურებს, როგორც თამაშს და არა – როგორც კარიერას. როცა დაფიქრდება, თუ რამხელა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს კლუბს, ნაკრებსა და ხალხს, მჯერა, უმაღლეს დონეზე ითამაშებს.
– კარგად ვხედავთ, ბათუმში რა გარემოა. მათ წარმატებაში გულშემატკივართა წვლილი დიდია. ქომაგის გარეშე ევროთასებზე კი არა, საშინაო ასპარეზზეც ჭირს. გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება და ამიტომ ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე და ესტონურ გუნდთან მხარი დაგვიჭირონ“, – განაცხადა გია ჭიაბრიშვილმა.
კონფერენს ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩში „დინამო თბილისი“ ესტონურ „პაიდეს“ 7 ივლისს მიიღებს – შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.