მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
მარტყოფის ღვთაების მონასტერში მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფთან, ღვთაების მონასტერში მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ადგილზე გაარკვია, მკვლელობა გამთენიისას მოხდა.

მოკლული 50-წლამდე მამაკაცი მონასტერში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც მონასტრის წინამძღვარი მამა ბენიამინი აცხადებს, მამაკაცი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მონასტერს ხშირად სტუმრობდა და რამდენიმე დღით რჩებოდა. წინამძღვრის ინფორმაციით, ის მკურნალობდა და ლოცულობდა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული 50-წლამდე მამაკაცია, წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და როგორც მონასტერში ამბობენ, ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული პირი გაქცეულია.

კელიაში სამი მამაკაცი ერთად ცხოვრობდა. მონასტერში ყვებიან, რომ დღემდე მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ და ღამითაც ხმაური არ გაუგონიათ.

„ალბათ, გამოძიება დაადგენს, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა. ჩვენი სტუმრები იყვნენ. დღეში 10 კაცი მოდის. სტუმარი ყოველთვის გვყავს.

1995 წლიდან ვარ აქ წინამძღვარი და ასეთი შემთხვევა არასდროს ყოფილა. მოკლული ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა-მოდიოდა, ფილტვები აწუხებდა. აქ თვეში ათ დღეს ატარებდა. ჰაერი კარგია, მკურნალობდა, ლოცულობდა, ეზიარებოდა. უყვარდა მონასტერი.

გაქცეული ვინც არის, ისიც ხშირად მოდიოდა. არიან ისეთები, აქ წელიწადში ერთხელ რომ მოდიან და არიან ისეთებიც, თვეში 10 დღე მოდიან. ორივე ასეთი იყო. რა მოხდა ასეთი, არ ვიცი. არასდროს მინახავს, რომ ერთმანეთში ეჩხუბოთ. ხმაური არ გამიგია. როგორც კი ამბავი გავიგე, დავრეკეთ პოლიციაში.

გაქცეული ფსიქიკურად დაავადებული კი იყო, მაგრამ რაც აქ დადის, კარგად იყო. კურდღლები გვყავს, იქ იყო წელიწადი მორჩილებაში, ლოცვებზე დადიოდა“, – განაცხადა მონასტრის წინამძღვარმა, მამა ბენიამინმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.