მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში მეორე მოედანს დააგებენ
მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში მეორე მოედანს დააგებენ

ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მარტვილს ესტუმრა – ცნობილი გახდა, რომ მარტვილის საფეხბურთო აკადემიას მეორე სტანდარტული მოედანი შეემატება.

საფეხურთო აკადემიის სტუმრებს პირველად წარედგინათ ახალი პროექტი, რომლის განხორციელება 2020 წლისთვის იგეგმება. საფეხბურთო აკადემიის ცნობით, პროექტი უკვე წარდგენილია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

პრეზენტაციაზე იმყოფებოდა აკაკი შულაია, რომელიც მარტვილის საფეხბურთო სკოლის გაზრდილია – თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა სკოლის ხელმძღვანელს და მწვრთნელს ჯესი სურმავას საქართველოს ჩემპიონობის აღმნიშვნელი მაისური სამახსოვროდ გადასცა და ნორჩ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.

მარტვილში საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა. პირველ ეტაპზე სტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანი დააგეს და განაახლეს შენობა, სადაც ამჟამად ადმინისტრაცია, სკოლის ოფისი და საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული. სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებდა, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ მოედნის საფარი დააგო.