მარტვილის „მერანს“ პოტენციური ინვესტორები ესტუმრნენ - დაინტერესებული მხარეს გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი წარმოადგენს #1TVSPORT
მარტვილის „მერანს“ პოტენციური ინვესტორები ესტუმრნენ - დაინტერესებული მხარეს გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი წარმოადგენს #1TVSPORT

მარტვილის „მერანში“ შეიცვალა მენეჯმენტი, ახალმა ხელმძღვანელობამ კლუბში ინვესტიციის მოსაზიდად მუშაობა აქტიურად დაიწყო და პირველი შედეგები უკვე ცნობილია, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მარტვილის „მერანში“ ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებული არის გერმანიაში მცხოვრები თურქი ბიზნესმენი და თურქული ბიზნეს ჯგუფი, რომლებსაც უშუალო კომპეტენცია და დიდი გამოცდილება აქვთ საფეხბურთო საქმიანობაში“, – ვკითხულობთ „მერანის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ამას გარდა აღნიშნულია, რომ „მერანის“ ხელმძღვანელები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ თურქეთში, სტამბოლში, სადაც ფინანსურ პარტნიორებთან გაიმართა შეხვედრები, 30 აგვისტოს კი მათი წარმომადგენელი ჩამოვიდა მარტვილში და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

მერანში“ ინვესტორების ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის წარმომადგენელმა, ჯესი სურმავამ გააკეთა:

„პირდაპირ, შემიძლია ვთქვა, რომ 2021 წელი ჩვენთვის ძალიან რთულად დაიწყო, რადგან ჯერ აკადემიის ფუნქციონირებაში დავრჩით მარტო და „დინამო თბილისმა“ დაფინანსება შეგვიწყვიტა. ამავდროულად, საფეხურთო კლუბ მარტვილის „მერანში“ შექმნილი იყო კრიზისი და ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა კლუბის ფუნქციონირების საკითხი. აკადემიასთან მიმართებაში ჩვენი რესურსით და ფონდის მიზანმიმართული დაფინანსებით შევძელით არსებული კურსის შენარჩუნება და ასევე „მერანის“ მენეჯმენტის სრული მმართველობის აღება და მწირი რესურსით ეროვნულ ლიგა 2-ში კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც ჩვენ გადმოვიბარეთ კლუბის მართვა, პირველივე დღიდანვე დავიწყეთ იმ საინვესტიციო შეთავაზებაზე მუშაობა, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას მოგვეზიდა ინვესტორები. ჩვენ ვმუშაობდით საქართველოში სხვადასხვა კომპანიებთან და ასევე საერთაშორისო მიმართულებით“, – ამბობს ჯესი სურმავა.

მან ინვესტორებთან დაკავშირებითაც ილაპარაკა:

„დღეის მდგომარეობით, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, მაგრამ დეტალური ახსნა-განმარტებისგან შეგნებულად ვიკავებ თავს, რადგან ჯერ კიდევ იურიდიული საკითხები განხილვის პროცესშია და არ არის დასრულებული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, მინდა მარტვილის „მერანს“ და სრულიად ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ქართულ ფეხბურთში საერთაშორისო სპონსორის შემოსვლა, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს. სამომავლო გეგმებს ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს იურიდიული საკითხების დასრულებისთანავე გაგაცნობთ. ყველას მადლობას ვუხდი თანადგომისთვის“.