მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი - მჯერა, რომ ეროვნულ ლიგაში გადასვლა შეგვიძლია #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი - მჯერა, რომ ეროვნულ ლიგაში გადასვლა შეგვიძლია #1TVSPORT

მარტვილის „მერანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ შეაფასა ლიგა 2-ის ბოლო ტურში ქობულეთის „შუქურასთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა გასვლაზე 3:1 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა.

„ურთულესი თამაში გვქონდა, თანაც სტუმრად ორმაგად რთული იყო ამოცანა, თუმცა ყველაფერს კარგად გავართვით თავი. ვფიქრობ, ნეიტრალური ქომაგისთვისაც სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. წაგებული ტაიმის შემდეგაც მჯეროდა ჩემი ბიჭების, რომ არ დანებდებოდნენ, რადგან ჩვენ ამ თამაშისთვის ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მაქსიმალურად მოვემზადეთ და გამოჩნდა, რომ უშუალო კონკურენტის დასამარცხებლად ძალა შეგვწევდა. საბოლოოდ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს და ვულოცავ ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს“, – ამბობს ცოტნე მონიავა.

მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი მთავარმა არბიტრმა ამ მატჩის დროს სათადარიგოთა სკამიდან ემოციური რეპლიკებისთვის გააძევა. მონიავამ კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა: 

„რაც შეეხება დისკვალიფიკაციას. რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია, როცა ასეთ პრინციპულ მატჩს ტრიბუნიდან ადევნებ თვალს და ნამდვილად არ მივესალმები ასეთ ფაქტს, თუმცა ვფიქრობ, ბოლო ტურებში მეტნაკლებად უსამართლო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული მსაჯების მხრიდან, რასაც შეეძლო სერიოზულად დავეზარალებინეთ და დაგვეკარგა მნიშვნელოვანი ქულები. რთულია, როცა ამ რეალობას თვალს უსწორებ, თავი შეიკავო, მაგრამ სრულად გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და ვეცდები უფრო თავშეკავებული ვიყო. ვიმედოვნებ, მსგავსი პრობლემები სხვა დროს აღარ შეგვექმნება“.

მან გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუმცა აცნობიერებს, რომ ჯერ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს: 

„მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს ღირსეულ გუნდს, გუნდის თითოეულ წევრს, რადგან ჩვენ როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ვართ. სასიამოვნოა, რომ პირველ პოზიციაზე გადავედით, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა, წინ 29 ტურია და ამ ადგილის შესანარჩუნებლად ბევრი შრომა და სწორი ნაბიჯების გადადგმა გვმართებს და მჯერა, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ამ ამოცანის შესრულება“.