მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი - ვცდილობთ, „ტორპედოსთან“ პლეი ოფს მომზადებულები შევხვდეთ #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი - ვცდილობთ, „ტორპედოსთან“ პლეი ოფს მომზადებულები შევხვდეთ #1TVSPORT

მარტვილის „მერანი“ ეროვნულ ლიგა2-ში მესამე ადგილზე გავიდა და ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად პლეი ოფში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. გუნდის შანსებზე საქართველოს პირველ არხთან „მერანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ ისაუბრა.

„პლეი ოფში ძალიან გამოცდილი და ტრადიციული მეტოქე შეგვხვდა. წინ ორი რთული ფინალი გველის, მაგრამ უშანსოდ არ ვართ და სასურველი შედეგის მიღწევას განსაკუთრებული მოტივაციით და ჟინით შევეცდებით. კარგია, რომ პლეი ოფის საგზური ჩემპიონატში სამი ტური ადრე გავინაღდეთ, მაგრამ ამან მოდუნების უფლება არ უნდა მოგვცეს. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ „ტორპედოსთან“ მატჩს 100% მზად შევხვდეთ. ასევე ვსწავლობთ „ტორპედოს“ სუსტ და ძლიერ მხარეებს. დანარჩენს მოედანზე ვიხილავთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ცოტნე მონიავამ.

მარტვილის „მერანის“ მთავარი მწვრთნელი ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში მომუშავე მწვრთნელებს შორის ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია. ცოტნე მონიავა 27 წლის არის. იმედისმომცემმა მცველმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ელიტრაუნდშიც ითამაშა, მაგრამ კარიერა ტრავმების გამო შეაჩერა და მწვრთნელობა დაიწყო. მან მარტვილის „მერანი“კი სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და ჩინებული სადებიუტო სეზონი გამოუვიდა.

„ახალგაზრდულ ასაკში უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა ჩემი რაიონის და „მერანის“ ქომაგების წინაშე, მაგრამ ამ ყველაფერს კარგად ვაცნობიერებ, საქმე უზომოდ მიყვარს და გუნდთან ერთად ყოველდღიური მუშაობის დადებით შედეგს რომ ვხედავ, ეს მახარებს. გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდურ სპორტში ეს კრიტერიუმი, სადაც მაღალ დონეზეა, იქ ყოველთვის წარმატებაა. ჩვენს ქომაგების და ზოგადად მარტვილელების ოცნებაა, რომ „მერანი“ ეროვნულ ლიგაში ვიხილოთ. აქ განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი. ეს ჩემს თითოელ ფეხბურთელს კარგად აქვს გათვითცნობიერებული – დარწმუნებული ვარ, „მერანელები“ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქომაგები ბედნიერები იყვნენ, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ“, – ამბობს მონიავა.