მარტვილის „მერანის“ დირექტორი - „ტორპედოსთან“ მთელი სამეგრელო გვქომაგობს, რადგან 2018 წლიდან ელიგაში რეგიონს გუნდი არ ჰყოლია #1TVSPORT
მარტვილის „მერანის“ დირექტორი - „ტორპედოსთან“ მთელი სამეგრელო გვქომაგობს, რადგან 2018 წლიდან ელიგაში რეგიონს გუნდი არ ჰყოლია #1TVSPORT

მარტვილის „მერანის“ გენერალური დირექტორი ჯესი სურმავა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ქუთაისის „ტორპედოსთან“ ეროვნული ლიგის პირველ საპლეიოფო მატჩში მოპოვებულ უპირატესობას შეინარჩუნებს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება.

პლეი აუტის განმეორებით მატჩს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ 12 დეკემბერს გამართავს. პირველი შეხვედრა მარტვილელებმა 2:0 მოიგეს.

„გაცნობიერებული გვქონდა, რომ პლეი ოფის პირველი საშინაო თამაშში ვალდებული ვიყავით სეზონი ამაყად დაგვესრულებინა და მარტვილელებისთვის დიდი სიხარული მიგვენიჭებინა. თავიდანვე შევიქმენით ის პოზიტიური განწყობა და მოტივაცია, რაც საჭირო იყო ამ კონკრეტული თამაშის მოგებისთვის. წინ ურთულესი ბრძოლაა – 12 დეკემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“, – ამბობს ჯესი სურმავა.

მარტვილელთა ხელმძღვანელმა ქუთაისის „ტორპედოსა“ და მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა:

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ამ ორმატჩიანი დაპირისპირების მთავრი შეხვედრა ქუთაისში იქნებოდა. მარტვილში დაფიქსირებული შედეგი ეიფორიაში არ გვაგდებს, მაგრამ მაძლევს იმის რეალურ საფუძველს, რომ გასვლაზე მხოლოდ გამარჯვებაზე ვიფიქროთ. დღეს, მარტვილის „მერანს“ ქომაგობს მთელი სამეგრელო, რადგან 2018 წლიდან სამეგრელოს რეგიონს ეროვნულ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყავს“.

მისი თქმით, „მერანი“ შეიძლება სხვებისთვის პრეცედენტად გამოდგეს:

„შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი პრეცედენტი, სადაც მრავალწლიანი მიზანმიმართული მუშაობით და მინიმალური რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება შესაძლებელი გახდა. შემთხვევითი არაა, რომ მარტვილის ერთ ლამაზ სოფელში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ბავშვთა საფეხბურთო სკოლა გვაქვს“.

ჯესი სურმავა მარტვილის „მერანის“ დირექტორი წელს, კლუბის მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ გახდა. მანამდე მარტვილის საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობდა და ფეხბურთის ფედერაციის „გრასრუტის“ კოორდინატორი გახლდათ. ის 2020 წლის უეფა-ს Grassroots Awards-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

​ჯესი სურმავამ მარტვილის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო სკოლა დაარსა, სადაც 300-ზე მეტი ადგილობრივი ბავშვი ვარჯიშობს. სფფ-ის „გრასრუტის“ კოორდინატორი, უეფა-მ სწორედ ამ პროექტის განხორციელების გამო დააჯილდოვა. დაჯილდოების დაარსებიდან დღემდე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჯილდოები 36 ქვეყნის 96 წარმომადგენელს გადასცა. ჯესი სურმავა გახდა პირველი ქართველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო.