მარტინა ნავრატილოვა - შუაი პენგი თავისუფალი არ არის, ჩვენთვის ეს ცნობილია #1TVSPORT
მარტინა ნავრატილოვა - შუაი პენგი თავისუფალი არ არის, ჩვენთვის ეს ცნობილია #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, „დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა მარტინა ნავრატილოვამ კომენტარი გაუკეთა სიტუაციას დაკარგულ ჩინელ ჩოგბურთელთან შუაი პენგთან დაკავშირებით.

„შუაი პენგი არ არის თავისუფალი. ეს ჩვენთვის ცნობილია. როგორც ჩანს, ის დღეს უსაფრთხოდაა, მაგრამ თავისუფალი არ არის. სირცხვილი…“ – დაწერა თავის „ტვიტერში“ ნავრატილოვამ.

შეგახსენებთ, რომ წყვილებში „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი აღარ არის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოაცხადა ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერის ჩჟან გაოლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. სიჩუმე დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა. 17 ნოემბერს, პენგმა წერილი გაუგზავნა მსოფლიოს ჩოგბურთელთა ასოციაციას (WTA), რომელშიც უკან წაიღო თავისი სიტყვები, თუმცა, საზოგადოებას ნაკლებად სჯერა, რომ ეს განცხადება ნამდვილია. WTA-ში განაცხადეს, რომ ორგანიზაციამ, შესაძლოა, უარი თქვას თავის ყველა ბიზნესზე ჩინეთში, თუ პენგის საქმის გამოძიება გამჭვირვალე პროცედურა არ იქნება.