მარსელში პოლიციამ კარნავალი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა
მარსელში პოლიციამ კარნავალი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში პოლიციამ კარნავალი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საფრანგეთის საპორტო ქალაქში კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო წესების დარღვევით რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მარსელში კარნავალი ყოველი წლის მარტში იმართება, თუმცა გასული წლის ღონისძიება გლობალური პანდემიის დაწყების გამო გაუქმდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მარსელის კარნავალში 6 500-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ერთმა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ათამდე ადამიანი დააკავეს.

აღნიშნული ღონისძიება, კარნავალთან ერთად, ასევე იყო პროტესტი „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ. საფრანგეთში ახალი შემზღუდველი ზომები სულ მცირე ოთხი კვირის განმავლობაში 16 დეპარტამენტში იმოქმედებს.