მარსელომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა #1TVSPORT
მარსელომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, მარსელომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ფეხბურთის გულშემატკივრებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ასე აცნობა.

36 წლის მარსელო ვიეირა ბოლოს მშობლიური გუნდის, „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავდა, სადაც 2023 წელს სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი, ლიბერტადორესის თასიც მოიგო.

ბრაზილიელი ფეხბურთელის კარიერის გამორჩეული წლები მადრიდის „რეალს“ უკავშირდება. ესპანური გრანდის მაისურით ჩატარებულ 546 შეხვედრაში მან 38 გოლი გაიტანა, ხუთჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ექვსჯერ ლა ლიგა მოიგო.

მარსელომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მაისური 2006 დან 2018 წლის ჩათვლით 58 შეხვედრაში მოირგო, ნაკრებთან ერთად ის 2013 წელს კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა.