„მარსელისა“ და პსჟ-ის მატჩი „ოქროს ბურთის“ ცერემონიის დროს გაიმართება #1TVSPORT

19:39, 21.09.2025

„მარსელისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ორშაბათს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიისას გაიმართება.

ლიგა 1-ის მე-5 ტურის მატჩი, რომელიც კვირას „ველოდრომზე“ უნდა გამართულიყო, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო გადაიდო. ამის შემდეგ საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ (LFP) გამოაცხადა, რომ მატჩი ორშაბათს, 22 სექტემბერს ჩატარდება და თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ჩემპიონატის რეგლამენტის 548-ე მუხლის თანახმად, მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩის გადატანის შემთხვევაში შეხვედრა მომდევნო დღეს, ლიგის მიერ განსაზღვრულ დროში უნდა გაიმართოს.

მატჩის პარალელურად, ორშაბათს პარიზში გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია – ის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. როგორც გამოცემა RMC Sport-ი წერს, „პარი სენ-ჟერმენის“ დელეგაცია ცერემონიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს პარიზული კლუბიდან „ოქროს ბურთზე“ ნომინირებულია რვა ფეხბურთელი – უსმან დემბელე, დეზირე დუე, აშრაფ ჰაკიმი, ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია და ფაბიან რუისი.

მსგავსი