მარსელის ტურნირის დირექტორი - ჯოკოვიჩი თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს, ეს სახიფათოა
მარსელის ტურნირის დირექტორი - ჯოკოვიჩი თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს, ეს სახიფათოა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მარსელის ტურნირის დირექტორმა ჟან-ფრანსუა კოჟოლმა მოუწოდა წამყვან ჩოგბურთელებს – მკაცრად განსაჯონ ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც საჩვენებელი ტურნირი მოაწყო.

„ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იგავს ბაბილონის გოდოლზე, როცა ადამიანებმა ღმერთებად წარმოიდგინეს საკუთარი თავი. ჯოკოვიჩმა თითქოს გადაწყვიტა, რომ შეუძლია ბუნების კანონებს გვერდი აუაროს. ადამიანს აქვს უფლება უარი თქვას აცრაზე და ბალახებით იმკურნალოს, მაგრამ თუ შენ სხვა ადამიანებზე იღებ პასუხისმგებლობას, ასე მოქცევა არ შეიძლება. ის თავს მესიად მიიჩნევს, ამიტომაც უგულვებელყოფს წესებს. მინახავს მისი ჩართვები „ინსტაგრამში“. იგრძნობა, რომ ის თავს განსაკუთრებულ ადამიანად მიიჩნევს. ცდილობს იყოს რაღაც გურუს მსგავსი. ეს კი სახიფათოა.

ეს კარგი გაკვეთილი იყო. ახლა, მოთამაშეებმა უნდა ამოიღონ ხმა. უნდა ადგნენ და საკუთარი აზრი გამოთქვან, რათა ყველაფერი თვითდინებაზე არ იყოს მიშვებული. ვისურვებდი განცხადებების მოსმენას ჟო-ვილფრიდ ცონგასგან, გაელ მონფილსისგან, როჯერ ფედერერისგან და რაფაელ ნადალისგან. მინდა მათ მოუწოდონ ჯოკოვიჩს, შეწყვიტოს ეს ყველაფერი“, – მოჰყავს კოჟოლის სიტყვები „ეკიპს“.

Adria Tour-ის მონაწილეთაგან კორონავირუსით დაავადნენ თავად ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ვიქტორ ტროიცკი. ორი დღის წინ, ამ სიას მიემატა ჯოკოვიჩის მწვრთნელი გორან ივანიშევიჩი.

დატოვე კომენტარი