მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია, ჩვენ ფინალში გასვლა გვინდოდა #1TVSPORT
მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - მესამე ადგილის მატჩი ყველაზე ცუდი თამაშია, ჩვენ ფინალში გასვლა გვინდოდა #1TVSPORT

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ კომენტარი გააკეთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩზე ხორვატიასთან, რომელიც დღეს გაიმართება.

„ვშიშობ, რომ ეს იქნება ყველაზე ცუდი მატჩი, რომელშიც ჩვენ ოდესმე ვითამაშებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. გვინდოდა ნამდვილ ფინალში გასვლა, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი და კვარაცხლბეკზე ასვლაც გვსურს. გვინდა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და მაქსიმალურად დადებით შედეგს მივაღწიოთ. მესამე ადგილი ძალიან კარგი იქნება ჩვენი იმიჯისთვის. მაგრამ იცით, რა? რომც გავიმარჯვოთ, ფინალში ვერ გავალთ და მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ.

თუმცა, დადებითი ემოციები უნდა მივიღოთ. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს იქნება ჩვენი მეშვიდე მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. აქამდე 20 წელიწადში მუნდიალებზე 6 მატჩი ჩავატარეთ – ეს იყო ჩვენი ისტორია, ახლა ზედიზედ ექვსი თამაში ვითამაშეთ. ეს ფასდაუდებელი მიღწევაა, რადგან ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ“, – განაცხადა მაროკოს ნაკრების მწვრთნელმა TalkSport-თან ინტერვიუში.

ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებების მატჩი მესამე ადგილისთვის დღეს, 17 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.