მაროკოს მთავარი მწვრთნელი - ჩვენი ოცნება ახდა, ეს საოცარი დღეა მაროკოსთვის​ #1TVSPORT

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩი (0:0, 3:0 პენალტების სერიაში) შეაფასა და წარმატებას მაროკოსთვის ისტორიული უწოდა.

„ჩვენი ოცნება ახდა. ეს საოცარი დღეა მაროკოსთვის. ახლა უნდა დავისვენოთ და ვისიამოვნოთ ამ მომენტით. ამ მატჩმა ძალიან დაგვღალა, მატჩის გეგმა შესრულდა. მაგრამ ჩვენ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია“, – ციტირებს Marca რეგრაგის სიტყვებს.

მაროკოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. კატარის ტურნირამდე გუნდის საუკეთესო შედეგი 1986 წელს მერვედფინალში გასვლა იყო.

მაროკო გახდა მეოთხე აფრიკული ნაკრები ისტორიაში კამერუნის, სენეგალისა და განას შემდეგ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ვალიდ რეგრაგი კი პირველი აფრიკელი მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მუნდიალის მეოთხედფინალში გაიყვანა.

10 დეკემბერს მაროკოს ნაკრები 1/4-ფინალში პორტუგალიას შეხვდება, რომელმაც შვეიცარია 6:1 დაამარცხა.