მაროკოს მეფე ეროვნულ გუნდს შეხვდა და ნაკრების წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა #1TVSPORT
მაროკოს მეფე ეროვნულ გუნდს შეხვდა და ნაკრების წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა #1TVSPORT

მაროკოს მეფე მუჰამედ VI, გვირგვინოსანი პრინცი მულაი ელ ჰასანი და პრინცი მულაი რაშიდი, რაბათის სამეფო სასახლეში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და მათ დედებს შეხვდნენ. მიღებაზე მაროკოს მეფემ სპორტსმენებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, – ინფორმაციას მაროკოს ფედერაცია ავრცელებს.

მაროკო გახდა პირველი გუნდი აფრიკიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწია და მესამე ადგილისთვის მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხორვატიასთან 1:2 დამარცხდა.

აქამდე მეოთხედფინალური ეტაპის ბარიერი ვერცერთმა აფრიკულმა ქვეყნის ნაკრებმა ვერ გადალახა. აფრიკელებმა წააგეს წინა სამი მეოთხედფინალი: კამერუნმა 1990 წელს, სენეგალმა 2002 წელს, განამ კი – 2010 წელს.

1998 წლის შემდეგ პირველად აფრიკულმა გუნდმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. მაროკოელებმა პირველი ადგილი დაიკავეს ბელგიასთან, ხორვატიასთან და კანადასთან.

ცერემონიის დროს მაროკოს მეფემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საჩუქრები გადასცა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ფაუზი ლაქჯაა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ვალიდ რეგრაგი სარდლის წოდებით დააჯილდოვა. ოფიცრის წოდებები მიიღეს ნაკრების ლიდერებმა – განემ საისმა, იასინ ბუნუმ, აშრაფ ჰაკიმმა, ნასირ მაზრაუიმ, სოფიან ამრაბატმა, ნაიეფ აკრადმა, ჰაკიმ ზიეჩმა და აზედინ ონაჰმა.

პარალელურად, მეფემ მითითებები მისცა, რომ სამეფო მედლები გადაეცათ ეროვნული ნაკრების ტექნიკური და სამედიცინო პერსონალის ყველა წევრისთვის, მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული შრომის აღსანიშნავად. ბოლოს კი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებთან და მათ დედებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.