კატარი 2022 | მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს მაროკო და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. მაროკოელები საკუთარი ნახევრიდან უიშვიათესად გადადიოდნენ და გამუდმებით თავის დაცვა უწევდათ.

 

საინტერესოა, რომ ამ მეზობელი ქვეყნების ეროვნული გუნდები ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ. ესპანეთისა და მაროკოს ბოლო მატჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა და 2:2 დასრულდა. პირველი ადგილი ესპანეთმა დაიკავა, მაროკომ – ბოლო და ჯგუფში ჩარჩა. ესპანეთმა და მაროკომ მანამდე შორეულ 1961 წელს ორჯერ ითამაშეს და ორივე მატჩი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2, 1:0.

ესპანეთის ტოტალური უპირატესობისა და მაროკოელების კონტრშეტევებზე ჩასაფრების მიუხედავად, რეალური სახიფათო მომენტები საკმაოდ იშვიათად იქმნებოდა და მატჩის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის ძირითად დროში ორივე გუნდმა კარში მხოლოდ 2-2-ჯერ დაარტყა.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად წარიმართა. ესპანელები ბურთის ფლობით კვლავ კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, მაროკოს ნაკრები თავს კარგად იცავდა და საკუთარ შანსს ისევ კონტრშეტევაზე ელოდა, მაგრამ ანგარიში არ იხსნებოდა. არბიტრმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა და ამ მცირე პერიოდშიც არაფერი შეცვლილა – 0:0. პირველ და მეორე დამატებით დროშიც ნულოვანი ფრე  დაფიქსირდა და პენალტების სერია დაინიშნა.

მაროკოს ნაკრების მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა,  სამი პენალტი მოიგერია და საკუთარი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. მაროკოს ნაკრები ნახევარფინალის საგზურისთვის პორტუგალია-შვეიცარიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.