მაროკოელი ფეხბურთელი საქართველოშიც დაფასდა - ულად-ომარ იმრანი მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
მაროკოელი ფეხბურთელი საქართველოშიც დაფასდა - ულად-ომარ იმრანი მეოთხე წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ულად-ომარ იმრანი აღიარეს – ინფორმაციას ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ლოკომოტივის“ ყოფილი ნახევარმცველი 2021 წელს რუსულ „როტორში“ გადავიდა, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის გამო საქართველოში დაბრუნდა და „დინამო თბილისს“ შეურთდა. მაროკოელმა ლეგიონერმა 16 მატჩი ჩაატარა და, 8 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

ამ გოლების ნახევარი იმრანმა თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დროს, მეოთხე წრეში გაიტანა – 9 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე პასი შეასრულა, გუნდს კი ჩემპიონობის დაბრუნებაში დაეხმარა.

მეოთხე წრეში გატანილი 4 გოლიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორია – 31-ე ტურში, გორში, „დილას“ წინააღმდეგ მატჩში ანგარიში 2:2 იყო, როდესაც იმრანმა 90+4-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „დინამო თბილისს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა – 3:2. ბოლოსწინა ტურში კი სტუმრად, წყალტუბოში 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1) და თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობის ტოლფასი ქულა მოუპოვა.