მარკო ვან ბასტენს ერთი კვირა მუშაობა აუკრძალეს
მარკო ვან ბასტენს ერთი კვირა მუშაობა აუკრძალეს

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა მარკო ვან ბასტენი ერთი კვირით ჩამოაცილეს ტელეარხ Fox Sports-ზე სამუშაოს. მიზეზი ნაცისტური მისალმება გახდა, რომელმაც ეთერში გაიჟღერა.

გარდა ამისა, ვან ბასტენს დაუკავებენ ერთი კვირის ხელფასს, რომელიც გადაეცემა სამხედრო დოკუმენტაციის ინსტიტუტს – მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ცოდნის ასამაღლებლად.

შეგახსენებთ, რომ ერედივიზიონში „აიაქსისა“ და „ჰერაკლესის“ მატჩის დაწყებამდე FOX Sports-ის ჟურნალისტი ჰანს კრაი ინტერვიუს იღებდა „ჰერაკლესის“ გერმანელ მწვრთნელ ფრანკ ვორმუტისგან. ინტერვიუს ბოლოს, ტრანსლაციაში მოხვდა ვან ბასტენის მიერ სტუდიაში წარმოთქმული სიტყვები. 55 წლის ლეგენდამ, როგორც ჩანს, ხუმრობა გადაწყვიტა და ნაცისტური მისალმება წარმოთქვა (Sieg Heil). ვან ბასტენისთვის საუბედუროდ, იმ მომენტში მისი მიკროფონი ჩართული იყო და ეს სიტყვები ეთერში მოხვდა.

ცოტა ხანში, ვან ბასტენმა ტელემაყურებლებს ბოდიში მოუხადა. FOX Sports-მა ოფიციალურ განცხადებაში ყოფილი ფეხბურთელის კომენტარს „მიუღებელი“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე სახის სასჯელს ვან ბასტენი.