მარკო რუბიო - ვფიქრობ, ჯეი დი ვენსი ვალიდურ არგუმენტებს აყენებს ევროპის მიმართ, მან გამოხატა ხედვა, რასაც ბევრი იზიარებს, აშშ ბევრჯერ მოხვედრილა კრიტიკის ქვეშ და ამის გამო ისტერიკა არ მოგვიწყვია 
მარკო რუბიო - ვფიქრობ, ჯეი დი ვენსი ვალიდურ არგუმენტებს აყენებს ევროპის მიმართ, მან გამოხატა ხედვა, რასაც ბევრი იზიარებს, აშშ ბევრჯერ მოხვედრილა კრიტიკის ქვეშ და ამის გამო ისტერიკა არ მოგვიწყვია 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლას ეხმაურება. ვენსმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  რომ საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არამედ საფრთხე შიგნიდან.

ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ვენსი გერმანიაში ულტრამემარჯვენეებს შეხვდა და რას მიაღწია ამ ყველაფრით, მოკავშირეების გაღიზიანების გარდა, რაზეც რუბიომ უპასუხა, რომ სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვა მოკავშირეების გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს.

„ვფიქრობ, ის ვალიდურ არგუმენტებს აყენებს ევროპის მიმართ – ჩვენ გვაღელვებს, რომ ნამდვილი ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს ევროპასთან, არის ისეთი რაღაცები, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია და ჩვენი საერთო ისტორია“, – თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა და ამერიკა ერთად იბრძოდნენ ისეთი რაღაცების წინააღმდეგ, როგორიცაა ცენზურა, ჩაგვრა და ა.შ. მისივე თქმით, როდესაც ხედავენ, რომ ევროპა უკან იხევს და ამ საკითხს აყენებენ, ეს ძალიან ვალიდური შეშფოთებაა.

„ჩვენ ვერ ვეტყვით მათ, როგორ მართონ თავიანთი ქვეყნები. მან უბრალოდ გამოხატა თავისი ხედვა, რასაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი იზიარებს. გარწმუნებთ, შეერთებული შტატები მრავალჯერ მოხვედრილა ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკის ქვეშ და ჩვენ არ მოგვიწყვია ისტერიკა ამის გამო“, – აღნიშნა რუბიომ.