მარკო რუბიო - ვაცხადებ ირანს უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად, არცერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში, მოვუწოდებთ ირანში მყოფ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა
მარკო რუბიო - ვაცხადებ ირანს უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად, არცერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში, მოვუწოდებთ ირანში მყოფ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა

არცერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში რამე მიზეზით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკელებს, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ ირანი უკანონო დაკავების სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადა.

„ათწლეულების განმავლობაში ირანი აგრძელებდა უდანაშაულო ამერიკელების, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეების სასტიკად დაკავებას, რათა ისინი სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოეყენებინა. ეს ამაზრზენი პრაქტიკა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ირანის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს მძევლების აყვანა და გაათავისუფლოს ირანში უსამართლოდ დაკავებული ყველა ამერიკელი, რაც შესაძლოა, ამ სტატუსის და მასთან დაკავშირებული ქმედებების დასრულების საფუძველი გახდეს.