მარკო რუბიო - უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო, დამატებით პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა
მარკო რუბიო - უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო, დამატებით პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა

შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო იყო, დამატებით პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაოა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, რომელიც ამ კვირის მოვლენებს ეფუძნებოდა. როგორც დღეს დილით გითხარით, ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა ეს უბრალოდ ომის დასრულებაზე მეტია. ჩვენ არა მხოლოდ ომის დასრულება გვინდა, არამედ ასევე გვინდა, დავეხმაროთ უკრაინას, სამუდამოდ უსაფრთხოდ იყოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ გვინდა, რომ ისინი ნამდვილი კეთილდღეობის ეპოქაში შევიდნენ. საქმე ასევე ეხება იმ პირობებს, რომლებიც უკრაინას გრძელვადიან კეთილდღეობას მოუტანს. ვფიქრობ, ამისთვის საფუძვლის ჩაყრა დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჟენევაში. ვფიქრობ, დღესაც ამაზე ვიმუშავეთ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. ეს დელიკატური საკითხია. ეს რთულია. ბევრი მოძრავი ნაწილია და, ცხადია, აქ კიდევ ერთი მხარეა ჩართული, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს და ეს გაგრძელდება ამ კვირის ბოლოს, როდესაც ბატონი უიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება, თუმცა ჩვენ ასევე გვქონდა სხვადასხვა სახის კონტაქტი რუსულ მხარესთან, მაგრამ საკმაოდ კარგად გვესმის მათი შეხედულებებიც“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დღეს კვლავ ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო შეხვედრა იყო, სადაც პროგრესი იყო მიღწეული.

„ჩვენ კვლავ რეალისტურად ვუყურებთ, თუ რამდენად რთულია ეს, მაგრამ, ამავდროულად, ოპტიმისტურადაც, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პროგრესის მიღწევის შემდეგ, ვფიქრობ, აქ არის საერთო ხედვა, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებას არ ეხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე ეხება უკრაინის მომავლის უზრუნველყოფას, მომავლის, რომელიც, ვიმედოვნებთ, უფრო აყვავებული იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა რუბიომ.