აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ეწვევა. რუბიო 23-25 ივნისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინს ესტუმრება.
ვიზიტის ფარგლებში რუბიო რეგიონული ქვეყნების ლიდერებთან განიხილავს აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, ასევე ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის საკითხებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებთან საერთო რეგიონული პრიორიტეტების კოორდინაცია იქნება.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმი არ მოიცავს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. კიდევ ერთი სადავო საკითხია მემორანდუმში გათვალისწინებული ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის სარეკონსტრუქციო ფონდის შექმნა. სპარსეთის ყურის ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ აღნიშნული რესურსი თეირანს სამხედრო შესაძლებლობების აღდგენასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
მოსალოდნელია, რომ რუბიოს ვიზიტის დროს სწორედ ამ საკითხებზე გაიმართება ინტენსიური კონსულტაციები რეგიონის ლიდერებთან.