მარკო რუბიო – შორეულ ადგილებში გავლენიან ადამიანებს სჯერათ, რომ თავად უნდა განკარგონ თქვენი კანონები, ქვეყანა და ცხოვრება, დამოუკიდებლობა თანდაყოლილი უფლებაა, არ დავუშვებთ, რომ უცხოელმა ბიუროკრატებმა წაგვართვან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაადანაშაულა, რომ ის ცდილობს, ამერიკელებს წაართვას ცხოვრების ის წესი, რომლითაც ისინი 250 წლის განმავლობაში საკუთარ ლიდერებს ირჩევდნენ და საკუთარ კანონებს განსაზღვრავდნენ.
„როდესაც დანაშაულში გვადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე ჩვენივე თანასწორთაგან შემდგარ ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარვდგებით. ეს ჩვენი მმართველობის ფორმის არსებითი და შეუცვლელი მახასიათებელია. ეს ჩვენი საერთო ცხოვრების წესის საფუძველია, მაგრამ დღეს შორეულ ადგილებში გავლენიანი ადამიანები ცდილობენ, ეს ჩვენ წაგვართვან. მათ სჯერათ, რომ თავად უნდა განკარგონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყანა და თქვენი ცხოვრება და არ აინტერესებთ, ეთანხმებით თუ არა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის წინააღმდეგ ომს არა ტყვიებით ან რაკეტებით, არამედ კანონებით და ე.წ. საერთაშორისო სამართლის ძალით აწარმოებს.
მისივე თქმით, სასამართლოს დაარსებისას საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ის მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულების, გენოციდისა და საომარი დანაშაულების გამოძიებაზე იმუშავებდა, თუმცა, რუბიოს განმარტებით, რეალურად ეს გაცილებით რადიკალური და არჩევითი ანგარიშვალდებულების არმქონე გლობალური ტრიბუნალი აღმოჩნდა.
მარკო რუბო აცხადებს, რომ დღეს ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ის პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის ყველა ასპექტს, მათ შორის საზღვრის დაცვის თანამშრომლებს, ამერიკელ მეზღვაურებსა და პროკურორებს, რომლებიც ტერორისტული შეთქმულებების წინააღმდეგ იბრძვიან.
„დამოუკიდებლობა ჩვენი თანდაყოლილი უფლებაა. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ უცხოელმა ბიუროკრატებმა ეს წაგვართვან“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აშშ-ის სუვერენიტეტის წართმევას გადაწყვეტს, მაშინ მოქმედი ადმინისტრაცია მათ აშშ-ის სიმტკიცის სრულ მნიშვნელობას დაანახებს.