მარკო რუბიო – ირანი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდება, მზად თუ იქნებიან, ჩვენც მზად ვიქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად

09:12, 22.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკებებისთვის სერიოზულად არ არის განწყობილი. ამის შესახებ რუბიომ ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გახსნისას ისაუბრა.

რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, დიპლომატიური გზით იმოქმედოს.

„აშშ ყოველთვის ერთგულია დიპლომატიის. მზად ვართ დიალოგისთვის, მოლაპარაკებებისთვის და უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა ის არის, რომ ირანი მოლაპარაკებებს სერიოზულად არ ეკიდება. თუ ისინი მზად იქნებიან, ჩვენც მზად ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში გადავდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო ჰორმუზის სრუტის საკითხს და აღნიშნა, რომ ირანს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ აქვს უფლება, აკონტროლოს ამ სტრატეგიული საზღვაო მარშრუტით გემების გადაადგილება. მისი შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების შეზღუდვა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ ეკონომიკასაც შეუქმნის საფრთხეს.

„თუ ეს საფრთხის ქვეშ დადგება, რისკის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო ეკონომიკა და ის საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის საფუძველს წარმოადგენდა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი