მარკო როისით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა
მარკო როისით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავის ლიდერთან, მარკო როისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. რამდენიმე დღის წინ მხარეებმა ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები გამართეს და კლუბის ხელმძღვანელობამ სწორედ იქ გამოაცხადა ფეხბურთელის შენარჩუნებაზე თავისი გეგმების შესახებ.

თუმცა, თავად როისი თავის მომავალში დარწმუნებული არ არის. 28 წლის ნახევარმცველის კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში იწურება და გერმანელს ესმის, რომ მომდევნო ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი იქნება მის კარიერაში.

როისი მზად არის, დორტმუნდელთა რიგებში დარჩეს, მაგრამ ასევე ტიტულისთვის ბრძოლის სურვილი აქვს და ამის გარანტიას თავის ამჟამინდელ კლუბში ვერ ხედავს.

ეჭვი არავის ეპარება, რომ როისს ზაფხულში ბევრი მსურველი ეყოლება და ერთ-ერთი უკვე გამოჩნდა. როგორც Mirror-ი წერს, გერმანელი შემტევი „ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. უფრო ადრე კი დაიწერა „მილანის“ მხრიდან ინტერესის შესახებ.