მარკო როისი გერმანიაში წლის ფეხბურთელია, კლოპი - წლის მწვრთნელი
მარკო როისი გერმანიაში წლის ფეხბურთელია, კლოპი - წლის მწვრთნელი

„დორტმუნდის“ ფორვარდი მარკო როისი გერმანიაში სპორტული ჟურნალისტების ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ ავტორიტეტულმა გამოცემა „კიკერმა“ (Kicker) გამოაცხადა. 30 წლის ფეხბურთელმა ეს პრესტიჟული პრიზი კარიერაში მეორედ მოიპოვა (პირველად – 2012 წელს).

გერმანელი სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვაში როისმა გაუსწრო „ლევერკუზენის“ ნახევარმცველ კაი ჰავერცსა და „ბაიერნის“ მცველ ჯოშუა კიმიხს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ამ გამოკითხვაში „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გაიმარჯვა.

წლის მწვრთნელად გერმანიაში იურგენ კლოპი აღიარეს, რომელმაც 2018-2019 წლებში „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებამდე მიიყვანა, ასევე მეორე ადგილი მოაპოვებინა ინგლისის პრემიერლიგაში. 52 წლის კლოპისთვის ეს მესამე პრიზია კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის რეკორდსმენ ფელიქს მაგას გაუთანაბრდა.