მარხელი საქართველოსთან ბრაზილიელს არ ათამაშებს - ევროპაში რომ იყოს, ბრესანის იმედი მექნებოდა
მარხელი საქართველოსთან ბრაზილიელს არ ათამაშებს - ევროპაში რომ იყოს, ბრესანის იმედი მექნებოდა

ბელარუსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მარხელმა გამოცემა „პრესბოლთან“ ინტერვიუში ბრაზილიელი რენან ბრესანის შესახებ ილაპარაკა და ეროვნულ გუნდში მისი დაბრუნება და საქართველოს ნაკრებთან თამაში გამორიცხა.

ბრაზილიელმა ბრესანმა ბელარუსის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში წლების განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნდა და მიხეილ მარხელი მას აღარ იწვევს. ამის მიუხედავად, ბრესანმა განაცხადა, რომ ნაკრებში სათამაშოდ მზად არის.

„აქვს თუ არა ბრესანს შანსი, რომ გამოჩნდეს ბელარუსის გუნდში? უპირველესად, ჩვენ გაახალგაზრდავებაზე ავიღეთ კურსი. მეორეც, ბრაზილიაში მოთამაშეზე დაკვირვეება ძალიან რთულია. საჭირო ინფორმაციას კი შერჩეული ვიდეოკოლაჟი არ მოგვცემს. რენანი ევროპაში რომ თამაშობდეს, რა თქმა უნდა, მისი იმედი მექნებოდა და ნაკრების კანდიდატებში მეყოლებოდა. თუ ადამიანი შეიძლება გუნდისთვის სასარგებლო იყოს, მასზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს რისკია. თუ მას ბრაზილიიდან გამოვიძახებთ, შემადგენლობაში უნდა ვათამაშოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს? ეს რისკი იქნება“ – ამბობს მიხეილ მარხელი.

შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებული პლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.