„მარკას“ ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი რონალდოს გადარწმუნებას ცდილობდნენ #1TVSPORT

08:19, 01.10.2026

კრიშტიანო რონალდომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შეკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების ფონზე, ფეხბურთელს, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟორჟე ჟეზუშმა რონალდო ნორვეგიის წინააღმდეგ მატჩისას გასახურებლად გაუშვა და 30 წუთის განმავლობაში ამზადებდა თამაშში ჩასართავად, თუმცა საბოლოოდ მოედანზე მაინც არ შეიყვანა. მოგვიანებით, მწვრთნელმა კრიშტიანოს პირადად მოუხადა ბოდიში და დაჰპირდა, რომ პრესკონფერენციაზე საჯაროდ აღიარებდა საკუთარ შეცდომას. მიუხედავად ამისა, ჟეზუშმა პირობა არ შეასრულა და ჟურნალისტებთან საუბრისას სიმართლესთან შეუსაბამო განცხადებები გააკეთა.

სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პორტუგალიელი ვარსკვლავის გაბრაზება და ნაკრების დაუყოვნებლივ დატოვების გადაწყვეტილება. ესპანური გამოცემის ცნობით, სიტუაციის განსამუხტავად ჟორჟე ჟეზუში და ფედერაციის პრეზიდენტი რონალდოს კოპენჰაგენის აეროპორტშიც გაჰყვნენ. ეს იყო მათი ბოლო მცდელობა, დაერწმუნებინათ ფეხბურთელი, რომ ნაკრებთან ერთად დარჩენილიყო, თუმცა კრიშტიანომ გადაწყვეტილება არ შეცვალა და თვითმფრინავში ჩაჯდა.

მსგავსი