„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ შეთანხმებას მიაღწია და „ბორნმუთიდან“ 20 წლის მცველს დაიმატებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ და ინგლისურმა „ბორნმუთმა“ დინ ჰუისენის ტრანსფერზე შეთანხმება მიაღწიეს, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება.
მხარეებს შორის დოკუმენტების გაცვლა მიმდინარეობს და ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება მხოლოდ ფორმალურ დეტალებზეა დამოკიდებული.
ესპანურმა გრანდმა 20 წლის ცენტრალური მცველის გამოსასყიდი თანხა, 50 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 58 მილიონი ევრო) გადაიხადა, რომელიც სამ ეტაპად დაფარდება.
გარიგების თანახმად, ჰუისენის ყოფილ კლუბს, ტურინის „იუვენტუსს“, ტრანსფერის გადაჭარბებული ღირებულების 10% ერგება, ხოლო ესპანური „მალაგა“, სადაც ფეხბურთელი ახალგაზრდულ წლებში თამაშობდა, სოლიდარობის მექანიზმით, დაახლოებით, 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
„რეალი“ გეგმავს ფეხბურთელის ივნისის დასაწყისში დარეგისტრირებას, რათა ჰუისენი ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენოს. სწორედ ამიტომ გადაწყდა ტრანსფერის დაჩქარება.
„ბორნმუთის“ რიგებში ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და მოედანზე ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.