„მარკას“ ინფორმაციით, 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდება #1TVSPORT
ფიფა-სა და მადრიდის „რეალს“ შორის შეთანხმება შედგა. 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება, – ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში ჩატარდება. ასევე ტურნირის სამ შეხვედრას პარაგვაი, არგენტინა და ურუგვაი მიიღებს ჩემპიონატის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
როგორც „მარკა“ წერს, მადრიდის „რეალისა“ და ფიფა-ს ხელმძღვანელებს შორის არსებული კარგი ურთიერთობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებით. „სანტიაგო ბერნაბეუს“ ამ მხრივ კონკურენციას „კამპ ნოუ“ უწევდა, „ბარსელონას“ სტადიონი, რომლის რეკონსტრუქციაც მალე დასრულდება.
„სანტიაგო ბერნაბეუმ“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ერთხელ უკვე უმასპინძლა. 1982 წელს ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა დასავლეთ გერმანიის ნაკრები 3:1 დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.