„მარკას“ ცნობით, „ტოტენჰემს“ მამარდაშვილის შეძენა სურს - ჯერ მესამე მეკარე იქნება, მაგრამ შესაძლოა მერე დასჭირდეს #1TVSPORT
„მარკას“ ცნობით, „ტოტენჰემს“ მამარდაშვილის შეძენა სურს - ჯერ მესამე მეკარე იქნება, მაგრამ შესაძლოა მერე დასჭირდეს #1TVSPORT

ესპანური გაზეთი „მარკა“ იუწყება, რომ „ტოტენჰემი“ „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გადასაბირებლად დაწყებულ ბრძოლაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდა. უფრო საინტერესო დეტალებს ინგლისური ინტერნეტ-გამოცემა hitc აქვეყნებს.

„21 წლის მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ 21-ჯერ ითამაშა, ცხრაჯერ კარი „მშრალად“ შეინახა და მხოლოდ 22 გოლი გაუშვა. შთამბეჭდავი შედეგია, რომელიც პრემიერლიგაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. პირველად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესი გამჟღავნდა, ახლა „ტოტენჰემი“ დაინტერესდა ლამის ორმეტრიანი (196 სმ) მეკარით, რომელსაც ესპანელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ლონდონურ კლუბს კი უგო ლორისის გრძელვადიანი შემცვლელი ნამდვილად სჭირდება. ფრანგ კაპიტანს დეკემბერში 36 წელი შეუსრულდება. მას ლონდონელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ის კარგად თამაშობს, მაგრამ „სპურსმა“ შემცვლელის ძებნა უნდა დაიწყოს და ამ დროს კანდიდატად მამარდაშვილი გამოჩნდა, მაგრამ არის კონკურენტიც – „მანჩესტერ იუნაიტედი“.

მამარდაშვილისთვის ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას სასწრაფოდ „ვალენსიაში“ იჯარით გადასცემენ. ორ გუნდს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მას შემდეგ, რაც ბრაიან ჰილი ლა ლიგის კლუბს იანვარში იჯარით შეუერთდა.

„ტოტენჰემი“ აპირებს ფრეიზერ ფორსტერის („სელტიკის“ და ინგლისის ნაკრების მეკარე) გადაბირებას – ასე რომ, რეალურად მამარდაშვილი იქნებოდა მესამე მეკარე. „სპურსს“ ის ახლა არ სჭირდება, მაგრამ შესაძლოა ერთ-ორ წელიწადში დასჭირდეს.

ასე რომ, მის ხელმოწერას აზრი აქვს, მაგრამ ასევე აზრი აქვს „ვალენსიაში“ მისი მინიმუმ 2022-23 წლების სეზონში იჯარით გაშვებას. თუ „ტოტენჰემს“ და „ვალენსიას“ შეუძლიათ ასეთ შეთანხმებას მიაღწიონ, მაშინ გარიგებას აზრი აქვს. მაგრამ ის ახლა არ არის საჭირო“, – წერს ინგლისური გამოცემა.