„მარკამ“ ლა ლიგას 2019-20 წლების სეზონი შეაჯამა
„მარკამ“ ლა ლიგას 2019-20 წლების სეზონი შეაჯამა

ავტორიტეტულმა გაზეთმა „მარკამ“ ესპანეთის ჩემპიონატის 2019-20 წლების სეზონი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.

ლა ლიგას საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელმაც 37 მატჩში 21 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. საინტერესოა, რომ 2009 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეს პრიზი არ მოიგო ლიონელ მესიმ ან კრიშტიანო რონალდომ.

„ეს პრიზი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ვგრძნობ სიამაყესა და სიხარულს. ეს ჯილდო აღნიშნავს ჩემს სამუშაოს „რეალში“ 2009 წლიდან დღემდე.

მესი და რონალდო – სხვა დონის ფეხბურთელები არიან. მათ ბევრი ინდივიდუალური პრიზი მოიგეს და ჩემთვის პატივია ამ მოთამაშეების გასწრება“, – განაცხადა ბენზემამ პრიზის მიღების შემდეგ.

საუკეთესო მწვრთნელის პრიზი ორმა სპეციალისტმა გაიყო – „რეალიდან“ ზინედინ ზიდანმა და „სევილიადან“ ხულენ ლოპეტეგიმ.

სეზონის საუკეთესო მეკარე გახდა ასევე „რეალის“ წევრი ტიბო კურტუა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის პრიზი („პიჩიჩი“) “ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ მიიღო. გასულ ჩემპიონატში მან 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

მესის „პიჩიჩი“ შვიდჯერ აქვს მოპოვებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ექვსჯერ იყო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ტელმო სარა, ხუთ-ხუთჯერ უგო სანჩესი, ალფრედო დი სტეფანო და კინი, ოთხჯერ – ფერენც პუშკაში. კრიშტიანო რონალდოს სამი ასეთი ჯილდო აქვს.