„მარკა“ - პსჟ-ის ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ მალე გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს #1TVSPORT
„მარკა“ - პსჟ-ის ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ მალე გუნდს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი გახდეს.

ესპანური გაზეთის „მარკას“ ინფორმაციით, პარიზული კლუბის ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ 49 წლის სპეციალისტი უახლოეს დროში ჩაუდგება სათავეში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერს.

ზიდანის სახელმა რამდენჯერმე გაიჟღერა პსჟ-ის მოთამაშეთა შორის საუბრებისას. მათ იციან კლუბში მიმდინარე მოვლენები და გრძნობენ, რომ მალე რაღაც უნდა მოხდეს, – წერს გაზეთი „მარკა“.

ორი დღის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით. სამი დღის წინ, ამ გუნდიდან დაითხოვეს ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სოლსკიაერი.

როგორც ირკვევა, 49 წლის არგენტინელი უკმაყოფილოა პარიზულ გუნდში თავისი მდგომარეობით. წყაროს ცნობით, სპეციალისტი დაიღალა გასახდელში სიტუაციის მმართვით, სადაც დომინირებენ ეგოიზმისკენ მიდრეკილი ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი.

გარდა ამისა, მწვრთნელი დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, მისი ოჯახი კი ლონდონში რჩება, სადაც ის „ტოტენჰემს“ ხელმძღვანელობდა.