მარკ უილიამსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა
მარკ უილიამსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა

უელსელი მარკ უილიამსი კარიერაში მესამედ და 2003 წლის შემდეგ პირველად გახდა სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონი. მან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში მოუგო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ჯონ ჰიგინსს – 18:16.

43 წლის უილიამსი ფინალის დიდი ნაწილი ლიდერობდა და 21 ფრეიმის შემდეგ, უდიდესი უპირატესობა ჰქონდა – 14:7. ბოლო სესიის წინ, ანგარიში 15:10 იყო, მაგრამ ჰიგინსმა შეძლო ზედიზედ ხუთი ფრეიმის მოგება და ანგარიშის გათანაბრება – 15:15.

თუმცა, მომდევნო ოთხ ფრეიმში უილიამსმა ისევ მოიპოვა ინიციატივა და დრამატული ფინალი მოგებამდე მიიყვანა.

ამ მოგებამ უელსელს 483.2 ათასი ევრო მოუტანა – ეს ყველაზე დიდი საპრიზო თანხაა სნუკერის ისტორიაში. უილიამსმა წინა ორი ტიტული 2000 და 2003 წლები მოიგო. ტიტულებს შორის 15-წლიანი პაუზა – მსოფლიოს ახალი რეკორდია სპორტის ამ სახეობაში.

ჰიგინსმა ზედიზედ მეორე ფინალი წააგო – შარშან, ინგლისელი მარკ სელბისთან დამარცხდა.
გია თვალაბეიშვილი