მარკ რუტე – მოკავშირეებს, რომლებიც ჩამორჩებიან ნატო-ს თავდაცვის ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს, შესაძლოა, ერთმა ძალიან სასიამოვნო ადამიანმა ვაშინგტონიდან დაურეკოს

00:42, 21.02.2025

ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც ჩამორჩებიან ალიანსის თავდაცვის ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს, შესაძლოა, ერთმა ძალიან სასიამოვნო ადამიანმა ვაშინგტონიდან დაურეკოს, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.

რუტეს თქმით, იგი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ მოკავშირეებთან, რომლებსაც ჯერ არ შეუსრულებიათ მთლიანი შიდა პროდუქტის, მინიმუმ, ორი პროცენტის თავდაცვაზე დახარჯვის ვალდებულება.

„პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე 22-23 ქვეყანა ნატო-ში ხარჯავს შეთანხმებულ ორ პროცენტს მშპ-დან თავდაცვაზე, სლოვაკეთი მათ შორისაა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კვლავ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც არ ხარჯავს ორ პროცენტს და მე აქტიურად და ინტენსიურად ვმუშაობ მათთან, რათა დავრწმუნდე, რომ ისინი დააჩქარებენ ორი პროცენტის მიღწევას. ვფიქრობ, ყველამ ზაფხულამდე უნდა გააკეთოს. მე ვეუბნები მათ – თუ არ უპასუხებთ ჩემს ზარებს, შეიძლება, ზარები მიიღოთ ერთი ძალიან სასიამოვნო ადამიანისგან ვაშინგტონიდან, რომელმაც, შესაძლოა, დროის უფრო მკაცრი ლიმიტი დაუწესოს იმას, რისი მიღწევაც სურს. ასე რომ, თუ ჩემგან არა, მაშინ, შეიძლება, ვიღაც სხვისგან მიიღონ ზარები. ჩვენ, ყველამ ნამდვილად უნდა მივაღწიოთ ორ პროცენტს, ეს გადამწყვეტია“, – განაცხადა რუტემ.

მსგავსი