მარკ კარნი - ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, შევთანხმდით, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ
უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
როგორც კარნი სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა დაუშვებელია.
„დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უკრაინელებმა უნდა მიიღონ, რომ არ შეიძლება, საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით შეიცვალოს და რომ დიპლომატიური ჩართულობა უნდა გაძლიერდეს რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებით, რათა მან შეწყვიტოს აგრესია. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით ძლიერი და სანდო უსაფრთხოების აუცილებლობას, რათა უკრაინამ შეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მიდის, კანადის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია“, – წერს კარნი სოციალურ ქსელში.