მარკ კარნი – ვერავინ გვეტყვის, რა ენაზე ვისაუბროთ, ვერავინ გვიკარნახებს ჩვენს კულტურას ან ვისთან შეგვიძლია შეთანხმებების დადება

23:22, 17.09.2026

ვერავინ გვეტყვის, რა ენაზე ვისაუბროთ, ვერავინ გვიკარნახებს ჩვენს კულტურას ან ვისთან შეგვიძლია შეთანხმებების დადება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

კანადის პრემიერი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც თეთრი სახლის ლიდერმა „სასაცილო“ უწოდა შესაძლებლობას, რომ კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

კარნის თქმით, კანადისა და ევროკავშირის დაახლოება პოზიტიური პროცესია და გაძლიერებული კანადა შტატებისთვის უფრო ეფექტური პარტნიორი გახდება.

„ჩვენ ვეძებთ პარტნიორობას, რომელიც ერთმანეთს ავსებს, აძლიერებს ჩვენს სუვერენიტეტს და სწორედ ეს არის შემოთავაზებული აქ. კანადელები ერთიანები არიან იმაში, რომ ვერავინ გვეტყვის, რა ენაზე ვისაუბროთ; ვერავინ გვიკარნახებს ჩვენს კულტურას ან ვისთან შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე შეთანხმებების დადება. ეს არის ალიანსი, ეს არის პოზიტიური პროცესი. ახლა, ეს არის პასუხი შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი. ეს არის პოზიტიური რამ. და უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი, უფრო სუვერენული კანადა იქნება უფრო ეფექტური პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა კარნიმ.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში განაცხადა, რომ მას სურს, კანადასთან ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ „კარი გაიხსნას კანადისთვის ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრობისკენ“. მის განცხადებას ტრამპმა „სასაცილო“ უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, ვაშინგტონი ევროკავშირს „სერიოზულ ტარიფებს“ დაუწესებს.

მსგავსი