მარკ კარნი – კანადა 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების შესაძენად, ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინის მოსახლეობის, მისი ინფრასტრუქტურისა და საჰაერო სივრცის დაცვას

23:04, 10.09.2026

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ქვეყანა 350 მილიონ კანადურ დოლარს (დაახლოებით 253 მილიონ აშშ დოლარს) გამოყოფს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ჩამჭრელი რაკეტების შესაძენად.

მისივე თქმით, ისინი უკრაინას აშშ-ის Jump Start-ის მექანიზმის მეშვეობით გადაეცემა.

„350 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინის მოსახლეობის, მისი ინფრასტრუქტურისა და საჰაერო სივრცის დაცვას“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მარკ კარნის თქმით, კანადა დრონების წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. კერძოდ, ქვეყანა აპირებს, ორი წლის განმავლობაში წარმოების მასშტაბი მილიონობით დრონამდე გაზარდოს. გარდა ამისა, კანადა ვალდებულებას იღებს, რომ მის მიერ წარმოებული დრონების ერთი მესამედი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადასცეს.

ამასთან, კანადა გააძლიერებს უკრაინასთან თანამშრომლობას უპილოტო სისტემების წარმოების სფეროში.

„სახელმწიფოთაშორის დონეზე კანადა და უკრაინა აყალიბებენ გრძელვადიან პარტნიორობას, რათა ერთობლივად აწარმოონ უპილოტო სისტემები, დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიები და პრიორიტეტული საბრძოლო მასალა. ეს გააერთიანებს თქვენს საბრძოლო გამოცდილებას კანადის წარმოების პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნურ ინტელექტთან“, – განაცხადა კარნიმ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მხარდასაჭერი ახალი ზომები, რომლებიც ქვეყანას ზამთრის გადატანაში დაეხმარება.

მარკ კარნის თქმით, კანადა თანხას შეიტანს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდში. ეს თანხა კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ენერგომატარებლების შენახვის შესაძლებლობების გაფართოებასა და საავადმყოფოების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას მოხმარდება.

გარდა ამისა, კანადა გასცემს სასესხო გარანტიებს 430 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების გაზის შესასყიდად.

„ჩვენ ასევე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ენერგეტიკისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის სფეროებში, რათა მიწოდების ჯაჭვების საიმედოობა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა კარნიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამ ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ხელი მოაწერეს 100-წლიანი პარტნიორობის დეკლარაციას. დეკლარაცია ითვალისწინებს ორი ქვეყნის განზრახვას, უკრაინასა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აიყვანონ.

მსგავსი