მარკ კარნი – აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული დადებითი დინამიკა ბოლო მომენტში შეიცვალა, ჩვენ ვერ მივიღებდით იმას, რაც შემოგვთავაზეს
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადამ ვერ მიიღო ის პირობები, რომლებიც აშშ-მა შესთავაზა. კარნის განცხადებით, კანადის მთავრობის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ქვეყნისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმების მიღწევა და არა შეთანხმების გაფორმება ნებისმიერ ფასად ან ნებისმიერ ვადაში.
„შეერთებულ შტატებთან ჩვენი სავაჭრო მოლაპარაკებების მიზანი ყოველთვის იყო კანადელებისთვის საუკეთესო შეთანხმების მიღწევა და არა შეთანხმება ნებისმიერ ფასად ან ნებისმიერ ვადაში. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ, ბოლო კვირებში ნამდვილად იყო გარკვეული პროგრესი, თუმცა საბოლოოდ, ეს დინამიკა შეიცვალა. ჩვენ ვერ მივიღებდით იმას, რაც აშშ-მა შემოგვთავაზა და ვერც იმას გავაკეთებდით, რასაც ისინი ჩვენგან ითხოვდნენ“, – აღნიშნა კარნიმ.
ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, კანადა ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად აფართოებს სავაჭრო და უსაფრთხოების პარტნიორობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან.
„ვაჭრობის დივერსიფიკაცია ასევე ფუნდამენტურია უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო მდგრადი ქვეყნის შესაქმნელად. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში კანადამ ხუთ კონტინენტზე 20-ზე მეტი სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმა. ჩვენი უახლესი სავაჭრო შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან რეკორდულ დროში, 47 დღეში დავასრულეთ“, – განაცხადა კარნიმ.
კანადის პრემიერის თქმით, კანადის მთავარი სამიზნე პარტნიორი ამ ეტაპზე ევროკავშირი იქნება.
„ამ შემოდგომაზე ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან, რათა შევქმნათ ბევრად უფრო ძლიერი და ღრმა ეკონომიკური და უსაფრთხოების პარტნიორობა“, – აღნიშნა კარნიმ.
ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50-პროცენტიანი ტარიფები დააწესა. აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს.