მარკ კარნი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შესახებ და კანადა არ გამორიცხავს ჯარების გაგზავნას ასეთი ჩარჩოს ფარგლებში
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების შესახებ. მისივე თქმით, კანადა არ გამორიცხავს ჯარების გაგზავნას ასეთი ჩარჩოს ფარგლებში.
კარნი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
„კანადის შეფასებით, არარეალურია, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, რომელიც უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა კარნიმ.
ამასთან, ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ.
„ჩვენ, ყველანი ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ ომის დასრულება უკრაინისთვის მშვიდობის გარანტიას ნიშნავდეს, რათა არც ომი და არც ომის საფრთხე მემკვიდრეობით ჩვენს შვილებს არ დარჩეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სურს, რომ უსაფრთხოების გარანტიები, როგორც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ნატო-ს მე-5 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს.