მარიო რუის აგენტი რუდი გარსიას აკრიტიკებს - მის გარეშე კვარაცხელია სანახაობრივად ვერ თამაშობს #1TVSPORT
მარიო რუის აგენტი რუდი გარსიას აკრიტიკებს - მის გარეშე კვარაცხელია სანახაობრივად ვერ თამაშობს #1TVSPORT

მარიო რუის აგენტმა, მარიო ჯუფრედიმ პორტუგალიელი მცველის მცირე სათამაშო დროის გამო „ნაპოლის“ მწვრთნელი რუდი გარსია რადიო CRC-თან ინტერვიუში გააკრიტიკა. ჯუფრედიმ ამ მიდგომას „უპატივცემულობა და სამარცხვინო საქციელი“ უწოდა და დაამატა, რომ მისი არყოფნა ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტურობას ამცირებს.

32 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით „ნაპოლიში“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ საჩემპიონო სეზონში, გარსიას მწვრთნელობის დროს ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში სულ ორჯერ მოხვდა და ჩემპიონატში მხოლოდ 230 წუთი ითამაშა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ პირველ შეხვედრაში „ბრაგასთან“ რუდი გარსიამ მარიო რუი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ხოლო მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაში მხოლოდ 2 წუთი დაუთმო. მარიო ჯუფრედმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ მარიო რუის გარეშე ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულ სანახაობრივ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს.

„გარსიას დამოკიდებულებას მარიო რუის მიმართ უპატივცემულობასა და სამარცხვინო საქციელს ვუწოდებდი. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია, სპალეტის გუნდში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა და მასთან ასე მოპყრობა, ვფიქრობ, უპატივცემულობაა.

ორი ფაქტორია – მარიო რუი არ შეეფერება გარსიას თამაშის სტილს და შეიძლება არ სურს, რომ „ნაპოლი“ შეტევებს უკანა ხაზიდან ავითარებდეს. ან მგონია, რომ გარსია არაბეთში ყოფნისას არ იცნობდა მარიო რუის, როგორც ფეხბურთელს. თუ ასე ფიქრობდა, გარსიას შეეძლო ზაფხულში ეთქვა, რომ მარიო რუი გუნდში არ სურდა.

კვარაცხელიას თამაში სანახაობრივი მხოლოდ მაშინ არის, როცა მოედანზე მარიო რუია. კვარაცხელია ამაღლებს თამაშის დონეს, თუ მოედანზე ასევე არის ფეხბურთელი, ვინც ბურთის ფლობა იცის. შესაძლოა, მწვრთნელი სხვაგვარ მარცხენა მცველს ამჯობინებს, ვინც ნაკლებად არის დრიბლორი, მაგრამ ეს შეეძლო ეთქვა. ეს უპატივცემულო დამოკიდებულებაა, რადგან მარიო რუი იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე ბოლო წლებში“, – განაცხადა პორტუგალიელი მცველის მენეჯერმა.

გასულ სეზონში მარიო რუიმ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 28 მატჩში 2100 წუთზე მეტი ითამაშა და ამ პერიოდში რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.