მარინა კალიურანდი - ჩემი რჩევა ოპოზიციისადმი იქნება, დათანხმდით დანიელსონის წინადადებას, „ქართული ოცნების“ ნაბიჯმა აჩვენა, რომ უნდა იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე
მარინა კალიურანდი - ჩემი რჩევა ოპოზიციისადმი იქნება, დათანხმდით დანიელსონის წინადადებას, „ქართული ოცნების“ ნაბიჯმა აჩვენა, რომ უნდა იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე

ჩემი აზრით, ბატონი დანიელსონის შუამავლობის დროს წარმოდგენილი წინადადება არის კარგი კომპრომისი, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ.

კალიურანდის თქმით, ეს არის დაბალანსებული კომპრომისი.

„ასე რომ, ჩემი რჩევა ოპოზიციის მიმართ იქნება, დათანხმდით ამ წინადადებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს რთული. ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გადადგმულმა ნაბიჯმა აჩვენა, რომ უნდა იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ნამდვილი პატრიოტი და უნდა დააყენო შენი ქვეყნის ინტერესები პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე მაღლა. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს რთული, შეიძლება გაგაკრიტიკონ, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რა არის მნიშვნელოვანი თქვენი ხალხისთვის.

საქართველო ელოდება პარლამენტს. დეპუტატებმა მიიღეს მანდატები ხალხისგან. ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, ახლა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ეს მანდატები აიღონ, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყოს მუშაობა ისე, როგორც ეს ძლიერ ოპოზიციას შეჰფერის“, – განაცხადა კალიურანდიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.