მარიამ ქვრივიშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა
მარიამ ქვრივიშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიურ სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტკოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მარიამ ქვრივიშვილმა და მიხეილ სარჯველაძემ.

„ყველა ვთანხმდებით, რომ „კოვიდ-19“ არ არის მარტო გლობალური პანდემია, ეს არის ჯანდაცვის კრიზისი,  რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადამწყვეტი ზომები, დონორი ორგანიზაციების, სტრატეგიული პარტნიორების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით შეიმუშავა განახორციელა კოვიდ პანდემიის საპასუხო კომპლექსური პროგრამა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა წარმატებით შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა პანდემიის პირველი და მეორე ტალღის დროს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა იმუნიზაციის პროცესზე, რაც საქართველოს ეროვნული პრიორიტეტი გახდა.

„საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომლის შემუშავებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული დაინტერესებული პირები. ეფექტური ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოფილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „კოვაქს“ პლატფორმის დახმარებით საქართველო მიღებს მოსახლების 20%-ის საკმარის ვაქცინას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას აქტიური მოლაპარაკებები აქვს ვაქცინის მწარმოებლებთან, იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია განახორციელოს.

მარიმ ქვრივიშვილმა კოვიდ პანდემიის დროს, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის, ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, დებატებისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში გამოიხატება.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მის დესტრუქციულ მოქმედებებს. ოკუპირებული რეჟიმების მიერ ხორციელდება მოქალაქეთა გატაცება და უკანონო დაკავებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ამჟამად, ოკუპირებული რეჟიმის მიერ არაერთი ადამიანია უკანონოდ  დაპატიმრებული, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. აღსანიშნავია, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმე, რომელსაც მისჯილი აქვს 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2020 წლის 11 ივლისს, უკანონოდ დააპატიმრეს. ეს ინციდენტი არის დადასტურება, იმისა, რომ რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკაშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ირაკლი ბებუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს „აფხაზეთის დროშის“ დაწვისთვის უკანონოდ დააპატიმრეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ  მოვუწოდო ზაზა გახელაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ რაშიც გვჭირდება ევროპელი პარტნიორების აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.