მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დასკვნას ხელოვნურად აჭიანურებს
მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დასკვნას ხელოვნურად აჭიანურებს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ხელოვნურად აჭიანურებს. კუბლაშვილის თქმით, დაცვის მხარემ დამოუკიდებელი ექსპერტები მიიწვია, რომლებმაც უკვე შეიმუშავეს საკუთარი პოზიცია.

„სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში მთელი 5 თვის მანძილზე ხელოვნურად ჭიანურდება პასუხი იმის თაობაზე, იწვა თუ არა თემირლანი, თავი დადებული ჰქონდა ბალიშზე თუ არა. ამის შემდეგ გამოძიება ვალდებული იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება. ან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, უნდა დაიხუროს საქმე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში არ ვართ არავინ. მალხაზ მაჩალიკაშვილს პირდაპირ ეუბნებიან, რომ  არ არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, შენთვის შვილი არ მოუკლავთ, დანაშაული არ მომხდარა და  ვერ გცნობთ დაზარალებულადო.  იმასაც ვერ ბედავენ, თქვან, რომ დანაშაული არ არის, იმასაც ვერ აკეთებენ, რომ ბრალი წაუყენონ. ჩვენ უმოქმედობაში გაგვყავს დრო. დაწერონ კომპლექსური დასკვნა, დაგვიწერონ, რომ თემირლანი არ იწვა.  ჩვენ უკვე ჩავატარეთ ექსპერტიზა, მოვიწვიეთ დამოუკიდებელი ექსპერტები, მათ უკვე თავიანთი პოზიცია შეიმუშავეს და ყველამ ნათლად ვიცით, რომ თემირლანი იწვა, მას თავი არ ჰქონია წამოწეული. თემირლანს რომ თავი წამოეწია, კიდევ შეიძლებოდა გაემართლებინათ მათი მოქმედება, მაგრამ ადამიანი გაუნძრეველ მდგომარეობაშია გარდაცვლილი”,-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის აქცია – „მამები სიმართლისთვის“  გაიმართა. აქციის მონაწილეებისუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ სოსო გოგაშვილია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი. ისინი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირების დასჯასაც ითხოვენ.