მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას მეორე წრე წააგო
მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას მეორე წრე წააგო

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ვერ შეძლო აშშ-ის ღიას მეორე წრის ბარიერის გადალახვა – მან ორ სეტში წააგო მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან.

ბოლქვაძემ მხოლოდ ერთ სეტში შეძლო წინააღმდეგობის გაწევა პლიშკოვასთვის. პირველი პარტიის პირველ სამ გეიმში ჩოგბურთელებმა იოლად აიღეს საკუთარი მოწოდებები, რის შემდეგაც ჩეხმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი ისე მოიგო, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა.

მეორე სეტში ოდნავ უფრო მეტი ბრძოლა იყო. ბოლქვაძემ ერთხელ უპასუხა პლიშკოვას ბრეიკს, მაგრამ მეორედ ეს ვერ მოახერხა. მეცხრე გეიმში ქართველმა შეძლო ერთი მატჩბოლის მოგერიება, მაგრამ მომდევნო გეიმში მეორე ცდაზე ჩეხმა მიზანს მიაღწია – 6:1, 6:4. შეხვედრა საათი და რვა წუთი გაგრძელდა.

ბოლქვაძემ ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა, ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეორე მოწოდებით ქულების მხოლოდ 30 პროცენტი მოიგო და სამიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის გავლის შემდეგ, მარიამ ბოლქვაძემ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში. მან 105 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, 50 ადგილი მოიგო კლასიფიკაციაში და 201-დან 152-ე პოზიციაზე გადავიდა.