მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას კვალიფიკაციის პირველი წრე გადალახა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ აშშ-ის ღიას კვალიფიკაციის პირველი წრე გადალახა #1TVSPORT

ნიუ იორკში დაიწყო ამ სეზონის „დიდი სლემის“ ბოლო ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირი.

ქალებს შორის პირველი წრის მატჩები ჩაატარეს მარიამ ბოლქვაძემ (მსოფლიოს 167-ე ნომერი) და ეკატერინე გორგოძემ (163).

ბოლქვაძის მეტოქე უკრაინელი დარია სნიგური (207) იყო. შეხვედრა ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა და დაძაბულ ბრძოლაში ქართველმა 7:5, 4:6, 6:4 გაიმარჯვა.

ბოლქვაძე მუდმივად მდევრის როლში იყო. პირველ სეტში სნიგური სამჯერ დაწინაურდა ბრეიკით, ერთხელ სეტზე აწვდიდა, მაგრამ მარიამმა შეძლო 4:5-ზე ზედიზედ სამი გეიმის აღება.

მეორე სეტშიც უკრაინელი ორჯერ იგებდა ბრეიკით და ამჯერად, ბოლქვაძემ მხოლოდ ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო. სამაგიეროდ, მესამე პარტიაში მოახერხა სამჯერ უკუბრეიკის აღება და ისევ ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაასრულა მატჩი.

მარიამს 14 ბრეიკპოინტი და ცხრა ბრეიკი ჰქონდა, სნიგურს – 12 ბრეიკპოინტი და რვა ბრეიკი.

მეორე წრეში ბოლქვაძეს გაცილებით სერიოზული მეტოქე ეყოლება – ამ სეზონის აღმოჩენა, 18 წლის ბრიტანელი ემა რადუკანუ, რომელიც წელს თავის სადებიუტო უიმბლდონზე მერვედფინალში გავიდა.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან სა სეტში წააგო 23 წლის იტალიელ ლუკრეცია სტეფანინისთან (213) – 3:6, 6:3, 0:6. შეხვედრა საათი და 50 წუთი გრძელდებოდა.